პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი, რომელმაც მის თანაგუნდელთან, ალეკო ელისაშვილთან ერთად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიციას კომუნიკაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
როგორც იოსელიანი განმატავს, მათ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
„დღეს, ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებას მივაღწიეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მთლიანად ოპოზიციის მიერ მეოთხე რაუნდში დასმული და შეთანხმებული იყო, ვგულისხმობ, საარჩევნო რეფორმას. არც ერთი პუნქტი ამ შეთანხმებიდან არ დარღვეულა, ბოლომდე ვიბრძოლეთ, რომ ყველა დეტალი, რომელიც მაშინ იყო ოპოზიციასთან და „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული, ეს აქ ყოფილიყო ასახული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დასჭირდა დრო და ძალისხმევა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ.
სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რომ დამოუკიდებლად დავიწყეთ შეხვედრები, რადგან ვერ შევძელით მათთან საბოლოოდ რიგ საკითხებზე შეთანხმება, ყველას მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ კომუნიკაცია“, – განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში მმართველ გუნდთან შეხვედრაზე მივიდნენ. მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.










