პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება.
საუბარია სარჩელზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა მომზადდეს.
ცვლილებები ოთხ კანონში – „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შევიდა.
კერძოდ, პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს შეუძლია, მოითხოვოს, აეკრძალოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება იმ პირს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პოლიტიკურ პარტიასთან.
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლში კი აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
ამკრძალავ ნორმებს ადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებიც. კერძოდ, პარტიას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე, თუ პარტიის დამფუძნებელს ან მის წევრს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა. პოლიტიკური პარტიის დაფინანსებაც ეკრძალება იმ პირს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა და ა.შ.
შემზღუდავ ნორმებს ადგენს „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებებიც. მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებების მიხეედვით, დაუშვებელია იმ პირის პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ჯარიმაა გათვალისწინებული „სისხლის სამართლის კოდექსით“. ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც შესაბამის პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავება.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.