უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე.
ინფორმაციას ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება “Схід” (აღმოსავლეთი) ავრცელებს ფეისბუკის გვერდზე.
უფრო ადრე უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული ბაზიდან უკრაინაში სამი ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფი გაიგზავნა, სულ 1200 რუსი და ოსი სამხედროს შემადგენლობით. ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზიდან კი ორი ბატალიონი – დაახლოებით 800 სამხედროს შემადგენლობით.
კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია ოჩამჩირის დე ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოჩამჩირიდან წასული სამხედრო დონბასში ერთ-ერთი აფეთქების დროს, 31 მარტს დაიღუპა.