მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. პარასკევს, 3 აპრილს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 676 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 24 დოლარით მატებაზე მიანიშნებს.
ამასთანავე, Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ერთი დღის ჭრილში ძვირფასი ლითონი 0.51%-ით გაძვირდა, წლიურად კი ფასის 53%-იანი მატება ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დღისა და წლის ჭრილში ფასების ზრდისა, ოქროს გლობალურ ფასზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 8%-იანი კლება ფიქსირდება.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის მარტში ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი წინა თვესთან შედარებით, 0.84%-ით გაძვირდა.
„საქსტატის“ მონაცემებითვე, მიმდინარე წლის მარტში წლიურად ოქროს ბეჭედი 74%-ით არის გაძვირებული.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს ამჟამად არსებულ ფასებს, 4 აპრილის მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 414 ლარის ფარგლებში მერყეობს, გრამ ვერცხლს კი დაახლოებით 6.8 ლარად იყიდით. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ფასები უცვლელია.










