ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ვანში, ხიდი იმ დროს ჩაინგრა, როდესაც მასზე სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა, ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მძღოლმა მანქანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოახერხა და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
მოსახლეობის თქმით, ხიდის დანგრევის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კარიერია, საიდანაც სატვირთო ავტომობილები დიდი ზომის ქვებით დატვირთულნი გადაადგილდებიან. ასობით ოჯახი და რამდენიმე სოფელი ახლა რაიონულ ცენტრს სათადარიგო გზით უკავშირდება, რომელიც ძლიერი ნალექის შემთხვევაში, შესაძლოა წყალმა წაიღოს.
ჩანგრეული ხიდი ვანის სოფლებში მცხოვრებლებისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის. “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა სოფელ ონჯოხეთშიც, სადაც განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა. ამორტიზებული გზის გამო, მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, უამინდობის დროს მათ საცხოვრებელ სახლებამდე მისვლა სასწრაფო დახმარების ბრიგადასა და მაღალი გამავლობის მანქანებსაც კი უჭირთ. უგზოობასთან ერთად, ონჯოხეთში მცხოვრებლებს გაზის არ ქონაც აწუხებთ. ადგილზე გაზის მილები გაიყვანეს, თუმცა მასში ბუნებრივი აირი არ გაუშვიათ. აღნიშნული პრობლემების გამო, ადგილობრივები სოფლებს ტოვებენ.
“საშინელი მდგომარეობაა, მანქანა აქ ვერ მოდის, ტაქსი თუ მოვიდა 25-30 ლარი უნდა, კარიერი გააკეთეს და წყალი გადმოდის. მამამთილი მომიკვდა და მეზობლები მოვიდნენ – ონჯოხეთი კი არა ჯოჯოხეთია ესო, ქალი წაიქცა და ცხვირ-პირი კინაღამ მოიტეხა. ახალგაზრდები აქ აღარ არიან, ბებრები ვართ დარჩენილი”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.










