რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვი ისევ დაბომბეს. ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
“ღამით ხარკოვში ორი დარტყმა დაფიქსირდა. სლობიდსკის რაიონში რაკეტა კოლეჯთან ახლოს, ტროტუარზე დაეცა. აფეთქების ტალღამ შენობა დააზიანა. ნემიშლიანსკის რაიონში რაკეტა სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსის წინ, გაზონზე ჩამოვარდა. დაზიანებულია ტროლეიბუსები, ავტომობილები, ჩამსხვრეულია სახლების მინები. 74 და 50 წლის ქალებს მედიკოსებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს”, – ამბობს სინეგუბოვი. გარდა ამისა, გუშინ, დღის განმავლობაში, აგრესორებმა ჩუგუივის, ბოგოდუხივისა და იზიუმის რაიონებიც დაბომბეს. დაზიანდა სახლები და ფერმის შენობები. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, საავადმყოფოში სამი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიყვანეს – ოკუპანტებმა ხარკოვის რაიონში 56 წლის კაცი დაჭრეს, ბოგოდუჰივსკში 84 წლის ქალი და 13 წლის ბიჭი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.









