რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს – გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.
ოჯახმა ამ დრომდე არ იცის, როგორია 40 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება.
დაკავებულის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. რამაზ ბეღელურის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის გატაცების შესახებ პოლიციას თავად აცნობა, თუმცა რამდენიმე დღის გასვლის მიუხედავად, სამართალდამცველებს ფაქტთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.
27 აპრილი იყო. მძინარე დავტოვე. 16 წლის შვილი მყავს გარდაცვლილი და ის წავიდა მისი საფლავის დასასუფთავებლად. იქ რა მოხდა, არ ვიცი. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. პოლიციასაც ჩვენ გავაგებინეთ. ადრე რომ იყო დაკავებული, იმის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. წამლის ქვეშ არის. წამალი რომ არ დალიოს დღეში 3-ჯერ, კრუნჩხვაში ჩავარდება”, – ამბობს ნორა ბეღელური.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ბეღელური უკანონო პატიმრობაში უკვე მეხუთედ იმყოფებდა. მათი თქმით, სწორედ წინა დაკავების დროს დამძიმდა კაცის მდგომარეობაც, რადგან მაშინ ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქე სასტიკად სცემეს.
მეხუთედ გაიტაცეს მოქალაქე. ერთ-ერთი გატაცების დროს აწამეს და სასტიკად იქნა ნაცემი ოკუპანტების მიერ, რის შედეგადაც დაემართა ეპილეფსია. მეხუთედ გაიტაცეს ახლა და ამის შესახებ პოლიციამ არაფერი არ იცოდა ოჯახს რომ არ შეეტყობინებინა. სახელმწიფოსგან რეაგირება ნულია. არაფერს არ აკეთებენ გატაცებული ოჯახისთვის. არაფერს არ აკეთებენ ამ სოფლის მოსახლეობისთვის, რომ დაიცვან. ახლა კი არც აქტივისტებს უშვებენ, არც ჟურნალისტებს და გამოდის, რომ იქ, მხოლოდ და მხოლოდ, იმის გამო დგანან, რომ ჟურნალისტებმა და სამოქალაქო პირებმა არ გაიგონ, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან და დამალონ ის ყველაფერი, რასაც ოკუპანტი რუსეთი აკეთებს”, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი.
წყარო – ტვ პირველი