ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა და მოსაცდელ ზონას.
„ცენტრში განთავსდება ინტერაქტიული-საგანმანათლებლო ინსტალაციები. ვიზიტორთა ცენტრის აშენება ობიექტის ტერიტორიაზე გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების სერვისს და მეტად გაამარტივებს ოკაცეს კანიონზე მოგზაურობას“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
როგორი იქნება ოკაცეს კანიონის ახალი ვიზიტორთა ცენტრი
ამასთანავე, სააგენტოში განმარტავენ, რომ ოკაცეს კანიონზე არსებული ვიზიტორთა ცენტრი საჭიროებდა განახლებას.
„არსებული ვიზიტორთან ცენტრი საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა ობიექტისგან. ახალი ვიზიტორთა ცენტრი კი უშუალოდ ოკაცეს კანიონის შესასვლელში შენდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ვიზიტორების გადაადგილების დროს და კომფორტულ მოგზაურობას უზრუნველყოფს“, – განმარტავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.










