ოთო დანელია
“როსკიპთა” ამბები
######
ერთხელაც ადგა და სახლი დატოვა.
ვერ შეეგუა მთვრალ მამას,მსხვერპლ დედას,დადედლებულ ძმას…ადგა და სხეული უსუფთაო სარეცხივით გამოფინა.
პირველი კლიენტი პატარა ბიჭი იყო,სახლიდან ფული მოეპარა და აქოშინებული მოვარდა.
ერთმანეთს პირველი გაკვეთილი ჩაუტარეს და დაქანცულებსა და გაბრუებულებს ჩაეძინათ…
-ისევ მოვალ.
-ჰო,მოდი…
-ფული თუ არ მექნა,არ მოვალ.
-არა,მაინც მოდი!
-კაი,თუ მასე გინდა.
გოგოს არაფერი უთქვამს.შეტრიალდა და თვალები ბალიშში გადამალა…
######
ირინა ერთ ღამეში გახდა პოლინა.
თმაც უჩვეულოდ აიჩეჩა და არანორმალურად მოკლე კაბით ბოლოჯერ ჩაიარა მშობლიური ქუჩა.
-ყელში ამოვიდა სიდუხჭირე და ამიტომ დავიწყე.-პირველივე კლიენტს გული და მკერდი ერთდროულად გადაუშალა.
-კიდევ კარგი,თორემ შენ გარდა ყველა დაკავებული იყო.-კბილები გადმოყარა კაცმა.
-ერთი საათით ხარ მოსული?
-საქმე გვიჩვენებს,გააჩნია,როგორ ივარგებ…
-დროს ნუ კარგავ,მალე უნდა გავიდე!
კაცმა სიგარეტი საფერფლეს დაასრისა და ქალის მკერდს თვალი დაადგა…
######
-გუშინ რომ გოგო მოვიდა,თავისუფალია?
-ახლა გამოვიდა კლიენტი მისი ოთახიდან,შეგიძლია შეხვიდე.
-ასე უცებ მიმიღებს?
-მაგას ვინ ეკითხება,შედი და დროს დავინიშნავ!..
ოთახში მრუში სუნი ახრჩობდა ფანჯრიდან შემოპარულ სუფთა ჰაერს.
-გაიხადე!-დაღლილი ხმა ჰქონდა ქალს.
კაცი მის წინ დადგა და ქალი ნიკაპით მიიზიდა…
კარზე დააკაკუნეს.
-ევასთან ჩვენი საპატიო კლიენტია მოსული,დროზე მორჩით,თუ შეიძლება!..
######
ქუჩის ბოლოს ქალები ჩხუბობდნენ.
ერთმა მეორე თმებით დაითრია და ასფალტზე ძველ ტილოსავით გადაატარა.
-რამდენჯერ გითხარი,ჩემს ტერიტორიაზე ნუ დაფორთხიალობ-მეთქი!
-რა ჩემი ბრალია,თუ დაბერდი და არავინ გეკარება?!
-ნუ მიწვევ,ნუ მიწვევ,თორემ დაგამახინჯებ.
-ისეთი რა უნდა გააკეთო,რომ შენზე მახინჯი გამოვჩნდე?
-მოგკლავ…მოგკლავ!-გამოცრა ქალმა და ჩანთიდან დასაკეცი დანა ამოიღო.
პოლიციის მოსვლამდე უბანი გააღვიძა ქალის კივილმა.
ასფალტი ახალდაკლული დედალივით ცურავდა სისხლში…
######
კარი მძიმედ გაიღო და მეძავის საწოლს შუქი დაეცა.
ქალმა თვალი გაახილა და ახალ კლიენტს შეხედა.
კლიენტი გაფითრებული იდგა და ცახცახებდა.
-შენ?!
ყველამ გაიგო,რაღაც მძიმედ დავარდა იატაკზე.
სასწრაფოს ეკიპაჟი მალე მოვიდა…
-საცოდავი კაცი…
-ძალიან ძნელია,საკუთარი შვილი ბორდელში აღმოაჩინა და…
-ეჰ,თურმე საზღვარგარეთ ეგონათ წასული.
-ეს კაციც მაგარი ვინმე ყოფილა,შვილის ტოლა გოგოებთან რას დაძვრებოდა…
######
-დიდი ხანია,რაც დაიწყე?
-გუშინ პირველი იყო.
-რატომ გადაწყვიტე ასე?
-შვილი შიმშილით მიკვდება,სიცივით მეყინება…
-რომ გაიზრდება,რას ეტყვი?
-ოღონდ გაიზარდოს და სულაც არ დავენახვები,გავქრები…
-მერე ეს არის დედაშვილობა?
-შვილის გადასარჩენად ყველა გზა გამართლებულია.
-ხო,რა ვიცი…
-სამაგიეროდ,მე ვიცი,მეტჯერ ვეღარ ავიტან ჩემი შვილის მშიერ მზერას.მე მზად ვარ,ის საკუთარი სხეულით გადავარჩინო…
ოთო დანელია
2.12.2020
ილუსტრაცია: Lado Tevdoradze











