საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიასა და მეუფე იაკობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, მუშაობას ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები გაარძელებენ. მომდევნო კვირას თავად ეწვევა პანსიონს.
მეუფესთან გამართულ შეხვედრას ლომჯარიამ პოზიტიური და კონსტრუქციული უწოდა.
“ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ განწყობილი. შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროების შეფასებას და შესაბამისად, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის არის საჭირო ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება გადაწყვეტილებას – ვაპირებთ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებს აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ, მინდა მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენ შორის არსებობდეს ნდობა და მტრულად განწყობილი არ იყვნენ იქ მყოფი პირები ჩვენ მიმართ. ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს. ამის შემდგომ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები ჩავლენ”, – განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან ერთად ნინოწმინდის პანსიონში მომდევნო კვირას ჩავა. აღნიშნული გადაწყვეტილება მეუფესა და ომბუდსმენს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.









