გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან საგანგებო მიმართვაში განაცხადა.
ჯერჯერობით, 51 წლის ნიკი ჰეილი „რესპუბლიკურ პარტიაში“ თავისი ყოფილი ხელმძღვანელის, დონალდ ტრამპის ერთადერთი კონკურენტია. ტრამპისა და ჰეილის გარდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის სურვილი ამ დროისთვის არცერთ სხვა „რესპუბლიკელს“ არ დაუფიქსირებია.
„ზოგიერთები უყურებენ ამერიკას და ხედავენ დაუცველობას. მემარცხენე სოციალისტები ხედავენ ისტორიის გადაწერის შესაძლებლობას. ჩინეთი და რუსეთი იყენებენ შესაძლებლობას. ისინი ყველანი ფიქრობენ, რომ ჩვენ შეიძლება დაგვჩაგრონ, გაგვყარონ. თქვენ უნდა იცოდეთ ეს ჩემს შესახებ: მე არ შევეგუები მჩაგვრელებს. როდესაც მათ დარტყმას დარტყმით პასუხობ, მათთვის ეს უფრო მტკივნეულია, თუ ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.