თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.
აღნიშნული მაშინ მოხდა, როცა ნიკა მელია მოსამართლეს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით, რომ „ის არის დავალების შემსრულებელი და რომ ის, როგორც მოსამართლე არ დაინტერესებულა თუ რატომ დააკავეს გუშინ უკანონოდ“.
“თქვენ ხართ თანამონაწილე. დაცვის ერთი რგოლი ხართ. უმნიშვნელო, ნაკლებად მნიშვნელოვანი თუ პირიქით, ეს არავინ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ დანაშაულებრივი [ბანდის] ერთ-ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება, აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა და რატომ დააზიანა მანქანაში ჩამონტაჟებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები”, – მიმართა მელიამ მოსამართლეს.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ წყალი შეასხა მოსამართლეს, მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, ხოლო მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.