„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრები ვალდებულები არიან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ.
მისივე თქმით, იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურის და საია-ს ჩართულობით უნდა მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველ დღე საზოგადოებას შეატყობინებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„გუშინ ვიმყოფებოდი ბათუმში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ რედაქციაში. თქვენ იცით, რომ კოალიცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავს მზია ამაღლობელის მიმართ. მზია ამაღლობელს ციხეში უკვე 16 დღეა შიმშილობა აქვს გამოცხადებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით. ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრი ვალდებულები არიან საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. უფრო მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ორმა სამინისტრომ პენიტენციური სამსახურის და მზიას მხარის – საია-ს ჩართულობით, მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველ დღე შეგვატყობინებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მზია გამორჩეული პატრიოტი, უმაღლესი კლასის პროფესიონალია. იგი არ შიმშილობს იმიტომ, რომ შეღავათებს ითხოვს. მზია ამაღლობელი შიმშილობს იმიტომ, რომ ამგვარად უსამართლობას ებრძვის. მას უსამართლობასთან ბრძოლის სხვა მეთოდები ამ წუთში წართმეული აქვს და იყენებს იმ მეთოდს, რომელიც სახელმწიფომ ფსევდო, თვითგამოცხადებულმა მთავრობამ მას დაუტოვა. ბოლოს, როცა მე ის ვნახე, შიმშილობის მე-12 დღე იყო, იგი თავს მხნედ გრძნობდა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს არის ურთულესი პროცესი. შეიძლება მე-16,მე-17,მე-20 დღე ადამიანი თავს გრძნობდეს კარგად, მაგრამ 21-ე დღეს ისეთი შეუქცევადი ცვლილებები დაიწყოს, რომ უბრალოდ შეუძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება ან კიდევ უფრო დიდი საშიშროების წინაშე დავდგეთ… მზია არის წამების და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას განმარტებით, მზია ამაღლობელის პატიმრობა არის სრული აბსურდი, მას არა თუ დანაშაული არ ჩაუდენია, მის წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული.
„დგებუაძემ, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია, მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა და თავდასმის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა და უბრალოდ, იქ მყოფმა პოლიციელებმა გაარიდეს. მზია ამაღლობელს სისხლში შაქრის დონე მაღალი აქვს (ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებსაც მისი თანხმობით ვამხელ), ამიტომ არ შეიძლება მან განსაკუთრებით ნერვული აღელვების დროს წყალი არ მიიღოს. დგებუაძის მითითებით მას ერთი საათის განმავლობაში არ მისცეს წყალი. ამის შემდეგ მოითხოვა საპირფარეშოში გასვლა და ოთხი საათის განმავლობაში მას საპირფარეშოში არ უშვებდნენ. ეს ყველაფერი იძლევა წამების და არაადამიანური მოპყრობის დასრულებულ შემადგენლობას. ნუ გვეგონება, რომ წამება ფრჩხილების დაძრობაა ან ადამიანისთვის რაიმე სხვა ტიპის მძიმე დაზიანების მიყენება. ასევე, ოთხი საათის განმავლობაში მას არ ეძლეოდა შესაძლებლობა შეხვედროდა საკუთარ ადვოკატებს.
მზია ამაღლობელის პატიმრობა არის სრული აბსურდი, მას არა თუ დანაშაული არ ჩაუდენია, მის წინააღმდეგ ჩაიდინეს დანაშაული და მისი სილა დგებუაძეს არის გაწნული სილა უსამართლობას და რეჟიმს. ამ სილაში ვუერთდებით მთელი ქართული საზოგადოება მზია ამაღლობელს.
მინდა დგებუაძეს მივმართო, ქალის მიერ გაწნულ სილაზე ის რომ პატიმრობაში გაუშვეს და შენ არ გაწუხებს ეს ამბავი, არც მისი შიმშილობა და ხმა არ დაგიძრავს და პროკურატურისთვის ისიც კი არ გითქვამს, რომ ამის გამო არ გაუშვათ ის პატიმრობაში, ამის შემდეგ გარდა დამნაშავისა, ხარ არაკაცი.
მინდა მივმართო ჯანდაცვის და იუსტიციის მინისტრებს, ისინი ყოველდღიურად დანაშაულს ჩადიან მზიას ამგვარი მდგომარეობის გამო და დროზე გონს მოეგონ. პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც იგივე მინდა ვურჩიო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კაციტაძეს – დროზე გამოიტანეთ დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რომ მხარემ ამ საფუძვლით მიმართოს სამარცხვინო, უკანონო სასამართლოს, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეიცვალოს ნებისმიერი სხვა ფორმით. ამისთვის საჭიროა, რომ დროზე იქნეს გამოტანილი დადგენილება მისი წამების საქმეში დაზარალებულად ცნობის შესახებ. ასევე, პროკურატურას ყოველგვარი დადგენილებებისა და ყველაფრის გარეშე ეს შეუძლია თავად გააკეთოს და მოვუწოდებ ეს გააკეთოს“, – განაცხადა გვარამიამ.