სასამართლო სისტემაში მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის ინსტიტუტი შემოდის – ნებისმიერი ხასიათის ღონისძიებაში, იქნება ეს ვიზიტი, საქმიანი შეხვედრა, ვორქშოფი, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი თუ სხვა, მოსამართლის ჩართვის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გადაწყვეტს. ასეთ ღონისძიებაში მოსამართლის ჩართვის მიზნით მასთან კომუნიკაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობის გარეშე აკრძალული იქნება.
ეს არის სიახლე, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის პროექტის ფარგლებში შემოდის.
ცვლილებებით მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის განხორციელების წესი განისაზღვრება, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით, საბჭოს მდივნის მიერ საკითხის განხილვის შედეგად გადაწყდება, ჩაებმება თუ არა მოსამართლე გარკვეული ღონისძიების – (ნებისმიერი ხასიათის ვიზიტი/საქმიანი შეხვედრა, ვორქშოფი, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და ა.შ.) განხორციელებაში ტრენერის, მსმენელის თუ მონაწილის სტატუსით.
კანონპროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. ის პარლამენტში ინიცირებულია და დაჩქარებული წესით განიხილება.