,,ტორპეტოს”ყოფილი გოლკიპერის თბილისის დინამოში გადასვლით, გუნდის გულშემატკივრებს მართალია გული დაწყდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ იგი მათ კონკურენტს გააძლიერებდა, თუმცა მის მიმართ იმდენად კეთილგანწყობილნი იყვნენ, მაინც კარიერულ წინსვლას უსურვებდნენ. თუმცა მშობლიური გუნდისგან განსხვავებით, ,,დინამო ” როინისათვის ამ დრომდე ვერ გახდა მისი შესაძლებლობების გამოვლენისა და კარიერული ბრწყინვალების ადგილი.
ქუთაისელი მეკარის კარიერულ ჩავარდნაზე უკვე წერენ სპორტის ექსპერტები, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ დინამოს წარუმატებლობის მთავარი პრობლემა უფრო სიღრმისეულია ვიდრე მეკარე .
გთავაზობთ ამონარიდს ,,ლელოდან”
,,…ვეცდებით-თქო, მაგრამ საიდან დავიწყოთ, აღარც კი ვიცით! ალბათ, მაინც მეკარიდან. ნათქვამია, მეკარე ნახევარი გუნდიაო. როინ კვასხვაძის სათამაშო დონეს ეჭვქვეშ ნამდვილად ვერ დავაყენებ, მაგრამ ნებისმიერი მეკარისა და ფეხბურთელის კარიერაში არის რთული პერიოდები, არის ჩავარდნები.
ბოლო ორი წელია, ზუსტად ასეა როინის კარიერაშიც. გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგაში ალბანურ “ტირანასთან” ნაწვნევი მარცხი, გამანადგურებელი მარცხი (1:6) “კლაკსვიკთან” და ბოლოს ის, რაც მოხდა ბაქოს “ნეფთჩისთან” შეხვედრებში…
უპირველეს ყოვლისა, გულწრფელად გვინდა ვუსურვოთ როინს, რაც შეიძლება, მალე გაუმკლავდეს ამ ჩავარდნას და ისე ითამაშოს მომავალში, როგორც – ადრე.
“დინამოს” კი ჰყავდა ძალიან კარგი ესპანელი კიპერი, ხოსე პერალესი, რომლის გუნდიდან გაშვებაც, ჩემი აზრით, დიდზე დიდი შეცდომა იყო… ” -ნათქვამია წერილში, რომელიც ლელოში ოთარ გაბელიას, თენგიზ სულაქველიძისა და რევაზ ძოძუაშვილის ნააზრევის შედეგად დაიწერა, რადგან სამივე მათგანმა ყურადღება გუნდის მთავარ პრობლემაზე-სელექციაზე გაამახვილა.