ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები 30 წლის პალეონტოლოგის, იან ვებსტერის მიერ შექმნილი ინტერაქტიური რუკა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაიგონ, როგორ გამოიყურებოდა მათი მშობლიური ქალაქის ადგილმდებარეობა მრავალი მილიონი წლის წინ.
ვებ-აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა გეოლოგიურ მოდელსა და ტექტონიკური ფილების გადაადგილების შესახებ არსებულ მონაცემებს აერთიანებს, გლობუსის მბრუნავ, სამგანზომილებიან გამოსახულებას გვიჩვენებს. რუკით სარგებლობისთვის მხოლოდ სასურველი დროისა და ქალაქის მითითებაა საჭირო, რის შემდეგაც ნახავთ, რა გეოგრაფიული მახასიათებლებით გამოირჩეოდა ეს ადგილი დედამიწის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 750 მილიონი წლიდან დღემდე.

ამის გარდა, ვებგვერდი ჩვენი პლანეტის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მისი საშუალებით გავიგებთ, სად და როდის ჩამოყალიბდნენ პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, ხერხემლიანი ცხოველები, ხმელეთზე მობინადრე არსებები, მცენარეები და სხვა.
“რუკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო დინამიკური და ცვალებადია. დედამიწის ისტორია იმაზე ხანგრძლივია, ვიდრე წარმოგვიდგენია, ტექტონიკური ფილების ამჟამინდელი განლაგება კი შემთხვევითობის დამსახურებაა”, – აცხადებს იან ვებსტერი.
ინოვაციური აპლიკაცია დედამიწის შესახებ ცოდნის გაღრმავების საშუალებას იძლევა. მისი გამოყენება არა მხოლოდ ჩვენი პლანეტის ისტორიითა თუ გეოგრაფიით დაინტერესებულ ადამიანებს, არამედ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებსაც შეუძლიათ.
popx.ge










