ამერიკულმა მედიაკომპანიამ Metro-Goldwyn-Mayer (MGM) საკუთარ ლოგოში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და ყველასთვის კარგად ცნობილი ცოცხალი ლომი გრაფიკული გამოსახულებით ჩაანაცვლა. 2012 წლის შემდეგ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კინოსტუდიის მიერ ბრენდის თილისმად მიჩნეული ცხოველის მონაწილეობით შექმნილი ვიზუალის განახლების პირველი შემთხვევაა.
MGM-ს ახალი ლოგოს შექმნაში აშშ-ის კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანია Baked Studios დაეხმარა. მისი დებიუტი 2019 წელს, ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული მორიგი კინოსურათის No Time to Die პრემიერაზე იგეგმებოდა, რომელიც 2021 წლის სექტემბრამდე გადაიდო. საბოლოოდ, გრაფიკული გამოსახულება სტუდიამ იუთუბის ოფიციალურ არხზე გაასაჯაროვა. მას საზოგადოება პირველად კომედიური და ბიოგრაფიული ჟანრის კინოსურათებში Dog და Respect, მიმდინარე წლის ზაფხულში იხილავს.

ახალ ლოგოში ნაჩვენები ლომი ირლანდიაში მდებარე დუბლინის ზოოპარკში დაბადებული, ლეოს სახელით ცნობილი ცხოველის თითქმის ზუსტი ასლია. სწორედ მის გამოსახულებას იყენებდა კომპანია 1957 წლიდან დღემდე. ძველის მსგავსია ლომის ციფრული ვერსიის მიერ გამოცემული ხმაც. ანიმაცია ოქროსფერ კინოფირზე დაწერილი სლოგანის “ხელოვნება ხელოვნებისთვის” ინგლისური თარგმანით იწყება, რომელსაც შემდეგ ლათინური სიტყვები ცვლის. აღსანიშნავია MGM-ის მონოგრამაც, რომელიც ამჯერად კლასიკური შრიფტითაა წარმოდგენილი.
“ეს ევოლუციაა და არა რევოლუცია”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა სიახლეს MGM-ის მარკეტინგის დირექტორი, სტივენ ბრუნო. მედიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ლოგოს მოდერნიზება სურდათ ისე, რომ მისი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური მახასიათებლები არ დაკარგულიყო. ლეგენდარულ კინოსტუდიას 96-წლიანი არსებობის ისტორიაში არაერთი მსგავსი ცვლილება აქვს განხორციელებული.










