ნაღების ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- რძე – 160 მლ
- კვერცხი – 3 კვერცხის გული
- შაქარი – 150 გრ
- 33% -იანი ნაღები – 500 მლ
- ვანილი
მომზადების წესი:
სქელძირიან ქვაბში ჩაასხით 160 მლ რძე (ნებისმიერი ცხიმის შემცველობით), შემდეგ ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ ადუღოთ.
სამი კვერცხის გულს დაუმატეთ 150 გრ შაქარი, მწიკვი ვანილი და თქვიფეთ მანამ, სანამ კვერცხიანი მასა არ გაღიავდება.
ცხელი რძე კვერცხიან მასაში ნელ-ნელა ჩაასხით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. მიღებული მასა ქვაბში გადაიტანეთ, დაბალ ცეცხლზე დადგით და განუწყვეტლივ ურიეთ. კრემი ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ, რათა ნაყინს კვერცხის გემო არ ჰქონდეს.
კრემიანი ქვაბი წყლიან ჯამში ჩადგით, თან ურიეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. გაგრილებული კრემი აუცილებლად გასქელდება.
500 მლ. ნაღები (ცხიმიანობა 33%) ათქვიფეთ, სანამ მსუბუქი და ფაფუკი არ გახდება. გაგრილებული კრემი ათქვეფილ ნაღებს დაუმატეთ და კარგად მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მიღებული მასა ჯამში გადაიტანეთ და საყინულეში შედგით.
30 წუთში ერთხელ ნაყინი საყინულიდან ამოიღეთ და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ეს პროცესი 3-ჯერ უნდა გაიმეოროთ, რათა ყინულის კრისტალების წარმოქმნა თავიდან აიცილოთ. ნაყინის სრულად გაყინვას 3-4 საათი სჭირდება.
გემრიელად მიირთვით!