თბილისის “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.