მუკორმიკოზის 5 შემთხვევა დაფიქსირდა პაკისტანშიც, კორონავირუსის მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ.
ამ გართულების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
მუკორმიკოზის შესახებ ვრცლად:
ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავიურსის უმძიმესი მეორე ტალღის ფონზე კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ რამდენიმე ათეულ პაციენტს მუკორმიკოზი განუვითარდა.
ინდოელი ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ მუკორმიკოზი, რომლის სიკვდილიანობაც 50%-ს შეადგენს, შესაძლოა, კორონავირუსის მკურნალობის პერიოდში სტეროიდების გამოყენებით იყოს გამოწვეული.
რა არის მუკორმიკოზი ?
მუკორმიკოზის ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ეს ინფექცია ყველაზე შირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული.