26 აპრილს, ღამით, ამერიკაში, ვუდლენდ ჰილზში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც ირკვევა ესენი არიან: 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი.
მომხმარის შესახებ ambebi.ge წერს.
26 აპრილს, ლოს-ანჯელესის პოლიციამ ვუდლენდ ჰილსში მომხდარი მკვლელობის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია. მოკლული 47 წლის ალექსანდრე მოდებაძის სახლში, შაბათს გამთენიისას შეიჭრნენ და მოკლეს. სამივე ეჭვმიტანილს ბრალი მკვლელობაში წაუყენეს და თითოეულ მათგანს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.
რას წერს ამერიკული მედია მომხდარზე?
შაბათს, 26 აპრილს, გამთენიისას ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრები, სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად, დე ლა ოსას ქუჩაზე გამოიძახეს.
ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებმა ნახეს სასტიკად ნაცემი 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე, რომელსა თავის არეში მიყენებული ჰქონდა სასიკვდილო დაზიანება. მედიკოსებმა ის ადგილზე გარდაცვლილად გამოაცხადეს.
მკვლელობის საქმის დეტექტივებმა გამოძიების შედეგად დაადგინეს, რომ სახლში სამი ეჭვმიტანილი შეიჭრა, რის მერეც მოდებაძე ტყვედ აიყვანეს და მასზე იძალადეს.
პირველი ეჭვმიტანილი ვან ნაისში, სეპულვედასა და ბერბანკის ბულვარების მახლობლად დააკავეს, ხოლო დანარჩენი ორი – გლენდეილში.
მომხდარში ბრალდებულები, როგორც უკვე დავწერეთ, ქართველები არიან.
რას ამბობენ დანაშაული ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლები?
ვუდლენდ ჰილზის ამ რაიონში მცხოვრებლები უკიდურესად შეშფოთებულები არიან მომხდარით.
“დაწყებითი სკოლა მდებარეობს პირდაპირ ქუჩის გადაღმა იმ სახლიდან, სადაც მკვლელობა მოხდა, აქაურობა სამუშაო დღეებში სავსეა ბავშვებით. ეს ტერიტორია კარგ უბნად მიიჩნევა… ვლოცულობ მსხვერპლის ოჯახისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს… მომხდარი ძალიან სამწუხაროა“, – კარგი უბანია“, – ამბობს მედიასთან მაზეო ალენი.
„ის [მოდებაძე] ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა, ყოველთვის ძაღლთან ერთად სეირნობდა. მეც ორი ძაღლი მყავს, ხშირად ვხვდებოდით. ძალიან სამწუხაროა, რაც მას დაემართა“, – თქვა მეზობელმა ტონი ვიტემ.
“შოკისმომგვრელია. ღამით დაძინების მეშინია, რა მოხდება, თუ დამნაშავეების სამიზნე ჩემი სახლიც გახდება?“ – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი ლიენი.
დეტექტივებმა დაადგინეს, რომ სამი ეჭვმიტანილი შეიჭრა სახლში, მსხვერპლი სასიკვდილოდ სცემეს, შემდეგ გაძარცვეს და გაიქცნენ.
ლოს-ანჯელესის პოლიციას ჯერ ოფიციალურად არ გაუხმაურებია მოტივი და არც ის დაუკონკრეტებია, დამნაშავეების მიზანი ძარცვა იყო, თუ კონკრეტულად მოდებაძის ლიკვიდაცია.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, მოდებაძის სათვალთვალო კამერები გათიშული იყო.