მსახიობი ბაჩო ქაჯაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ მიიღო. ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შსს-ს წარმომადგენელმა გასულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქაჯაიამ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი დაარღვია და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო.
ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით კი, მსახიობის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა შემწყდარიყო. ადვოკატის თქმითვე, ბაჩო ქაჯაია რუსთაველის გამზირზე ქუჩის ხელოვნურად გადასაკეტად არ მისულა, ის აქციაზე სისტემატურად მისი პროტესტის გამოსახატად დადის. ამასთან, მიგინეიშვილის თქმით, საქმეში ქაჯაიას წინააღმდეგ მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, წარმოდგენილ ვიდეომასალაში კი ქაჯაია უკვე გადაკეტილ გზაზე დგას, შესაბამისად, იქ არ ჩანს, ქაჯაიამ რა გააკეთა ისეთი, რაც კანონდარღვევად ჩაითვლებოდა. ასევე, ადვოკატმა განაცხადა, რომ არც სამხრე კამერებია წარმოდგენილი, სადაც ჩანს, რომ ბაჩო ქაჯაია ვინმემ გააფრთხილა, რომ კანონდარღვევას სჩადიოდა.
ამასთან, სასამართლოში პოზიცია დააფიქსირა თავად მსახიობმაც და აღნიშნა, რომ ის აქციაზე მეგობრებთან ერთად როცა მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.
ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ.
კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.