„თუ 100%-იანი ინფორმაცია გაქვთ, რომ რუსეთი 16 თებერვლამდე უკრაინაში შეჭრას აპირებს, გვითხარით ამის შესახებ“, – ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას interfax.com.ua ავრცელებს.
„დღევანდელ საინფორმაციო სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ. ჩვენ ვხვდებით, რომ რისკი არსებობს. ეს კარგად გვესმის. და თუ თქვენ 100%-იანი ინფორმაცია გაქვთ, რომ 16 თებერვლიდან დაწყებული რუსეთი შეტევას დაიწყებს, მოგვაწოდეთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დიპლომატიური გზა დეესკალაციის და დეოკუპაციის ერთადერთი საშუალებაა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კიევი აშშ-ის და მოკავშირეთა ინფორმაციას ითვალისწინებს.
„ჩვენ ამ ინფორმაციას ვითვალისწინებთ, მაგრამ ჩვენ მას ვაანალიზებთ. ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი აგრესიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მტერს აწყობს, რადგანაც მისი მიზანია უკრაინაში პანიკის პროვოცირება.