სოციალურ ქსელში მაგდა ჯიშკარიანი ეხმიანება არასრულწნოვათა მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს. “როცა მოზარდს ვასწავლით, რომ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, არჩევანის, თვითდამკვიდრების უფლება, პარალელურად უნდა ვასწავლოთ, რომ ამ თავისუფლებას აქვს ზღვარი, რომელიც იქ მთავრდება, სადაც სხვისი ღირსება და უსაფრთხოება იწყება. “-წერს მაგდა.
ბავშვის უფლებებზე საუბრისას ხშირად გვავიწყდება მნიშვნელოვანი დეტალი, რომ უფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. როცა მოზარდს ვასწავლით, რომ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, არჩევანის, თვითდამკვიდრების უფლება, პარალელურად უნდა ვასწავლოთ, რომ ამ თავისუფლებას აქვს ზღვარი, რომელიც იქ მთავრდება, სადაც სხვისი ღირსება და უსაფრთხოება იწყება. თუ ეს ბალანსი არ ისწავლა ბავშვმა, თავისუფლება შეიძლება გადაიქცეს თვითნებობად, ხოლო თვითგამოხატვა აგრესიად.
საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ვხედავთ ძალადობის რომანტიზებას, აგრესიის ნორმალიზებას, სტატუსისა და უპირატესობის დემონსტრირებას. სოციალური ქსელები, მატერიალური შეჯიბრი, გარეგნულ ეფექტზე ორიენტირებული კულტურა მოზარდებში ქმნის ცრუ წარმოდგენას, რომ ღირებულება ფასით იზომება. როცა თვითშეფასება ეფუძნება ბრენდს, ტელეფონის მოდელს ან ჩაცმულობას, ბუნებრივად ჩნდება დაყოფა. ამ დაყოფიდან ბულინგამდე კი ერთი ნაბიჯია.
მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, სად არიან ამ დროს ზრდასრულები? ოჯახი ბავშვის პირველი სოციალური სივრცეა, სადაც ის სწავლობს თანაგრძნობას, პატივისცემას, საკუთარი ემოციის მართვას. თუ ეს სივრცე ფორმალურად არსებობს, მაგრამ რეალურად ემოციური კავშირი სუსტია, ბავშვი ღირებულებებს ეძებს ქუჩაში, თანატოლებში, ვირტუალურ სამყაროში. მშობლის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფით. ბავშვს სჭირდება ყურადღება, საუბარი, საზღვრების დადგენა, თანმიმდევრული და სამართლიანი კონტროლი. ზედმეტი სიმკაცრეც პრობლემაა, მაგრამ უკონტროლო თავისუფლებაც ისეთივე საფრთხის შემცველია.
ბულინგი და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ძალადობა, როგორც წესი, მოულოდნელად არ ჩნდება. მას წინ უძღვის ბევრი ნიშანი – აგრესიული იუმორი, სხვისი დამცირება, პასუხისმგებლობის არაღიარება, ემპათიის დეფიციტი და ა.შ. თუ ამ ნიშნებს დროულად არ მივაქცევთ ყურადღებას, ისინი ყალიბდებიან ქცევის მოდელად. ამიტომ აუცილებელია სკოლასა და ოჯახს შორის რეალური თანამშრომლობა. სკოლა მხოლოდ ცოდნის გადაცემის სივრცე არ არის, ის უნდა იყოს ღირებულებების ფორმირების გარემოც.
ამასთანავე, საჭიროა კრიტიკული შეფასება იმისა, რამდენად ეფექტიანია მოქმედი კანონმდებლობა პრაქტიკაში. მხოლოდ უცხოური მოდელების გადმოტანა საკმარისი არ არის, თუ ისინი არ არის მორგებული ჩვენს სოციალურ რეალობაზე. რეგულაციები უნდა იყოს არა მხოლოდ დეკლარაციული, არამედ აღსრულებადი. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პასუხისმგებლობის მექანიზმები იმ შემთხვევებში, როცა არასრულწლოვნის ქცევა სისტემურ პრობლემად იქცევა, მათ შორის იმ პირების პასუხისმგებლობაც, ვინც მის აღზრდასა და ზედამხედველობაზეა ვალდებული. ეს არ უნდა აღიქმებოდეს როგორც დასჯა, არამედ როგორც პასუხისმგებლობის გაზიარება.
თუმცა, საბოლოოდ, ვერც ერთი კანონი ვერ ჩაანაცვლებს ღირებულებით აღზრდას. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ ძალა არ ნიშნავს ძალადობას, რომ ლიდერობა არ ნიშნავს სხვების დამცირებას, რომ თვითდამკვიდრება შესაძლებელია ცოდნით, შრომით, კულტურითა და ადამიანურობით. თუ ამ საფუძველს ვერ შევქმნით, ნებისმიერი გამკაცრებული რეგულაცია მხოლოდ შედეგებთან ბრძოლა იქნება და არა მიზეზებთან.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა – მშობელმა, პედაგოგმა, კანონმდებელმა, რიგითმა მოქალაქემ თუ სხვამ, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ პრობლემა „სხვის შვილებში“ არ არსებობს. ის იქმნება საერთო გარემოში, რომელსაც ერთად ვქმნით და თუ არ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს გარემო იყოს უსაფრთხო, სამართლიანი და ჰუმანური, ხვალ შეიძლება ნებისმიერ ოჯახს შეეხოს ის, რასაც დღეს შორიდან ვუყურებთ. – წერს მაგდა ჯიშკარიანი.