დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ 60 წელს გადცილებულ მოქალაქეებში წამახალისებელი პროგრამის შემდეგ ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ასაკის მოქალაქეები რისკჯგუფს განეკუთვნებიან და მათთვის ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
იმნაძემ მისი თაობის ადამიანებს მიმართა და აცრისკენ მოუწოდა.
„რეკომენდაციები იგივე რჩება, თუ გვინდა ინფიცირებისგან თავის დაცვა, ეს არის პირველ რიგში პირბადე, თუ გვინდა დაავადებისგან დაცვა, ეს არის ვაქცინა.
რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, თუ გავითვალისწინებთ იმ წახალისებას, რომელიც დაწესდა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ამ მაჩვენებელმა მოიმატა.
სამწუხაროდ, ჩვენი სტატისტიკითაც ცნობილია, რომ გარდაცვლილების 85 პროცენტი არის 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ამიტომ მათთვის ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
შესაბამისად, გაითვალისწინონ წახალისება, რაც მათთვის არის. მოვუწოდებ ჩემი თაობის ადამიანებს, რომ აიცრან“, -განაცხადა იმნაძემ.