დევნილთა დასახლება სასტიკი დანაშაულის ადგილად მას შემდეგ იქცა, რაც საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში მყოფი ცოლ-ქმარი იპოვეს. მზევინარ მიქაია სასწრაფო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა. ტარიელ ჯიმშელიას სიცოცხლის გადასარჩენად კი, ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. მკვლელობის იარაღი თოკია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გაგუდულია.
დანაშაულის სავარაუდო მოტივზე ახლობლები საუბრობენ. ქალი რუსეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა და სავარაუდოდ დამნაშავეები ფიქრობდნენ, რომ მათ სახლში ძვირფასეულობა და დიდი ფული ექნებოდათ. უცნობია, მოახერხეს თუ არა სახლიდან დამნაშავეებმა რაიმეს წაღება.
უმძიმეს მდგომარეობაშია ტარიელ ჯიმშელია. თავდამსხმელებმა მისი გაგუდვაც სცადეს. მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა.
თავდამსხმელები, სახლში დღის პირველ ნახევარში შევიდნენ. ადგილობრივები ყვებიან , რომ მზევინარ მიქაია თავდასხმის დროს მაღაზიაში იყო. სახლში დაბრუნებულს კი, ბინის კარი დამნაშავეებმა თავად გაუღეს.
სამართალდამცავები თავდამსხმელთა ჯგუფის პოვნას ცდილობენ. გამოძიება დაწყებულია განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობის მუხლით. დანაშაულის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.