თბილისში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად მოკლეს. ლევან ჯანგულაშვილს 23 წლის ბიჭმა ჯერ ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა.
შემზარავი დანაშაული ვაშლიჯვრის დასახლებაში მოხდა. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.
- მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ დანაშაული ჯანგულაშვილის საუკეთესო მეგობარმა ჩაიდინა, თუმცა მოტივზე საუბარი უჭირთ.
“დაკარგული იყო 12 დღე, გუშინ იპოვეს დამწვარი ცხედარი. მისი მეგობარია მკვლელი. მიტოვებული კორპუსის მეშვიდე სართულზე აიყვანა, მშენებარე კორპუსში… შემდეგ ხის ფიცრით სცემა და შემდეგ გადმოაგდო მეშვიდე სართულიდან. ამის შემდეგ შეიყვანა პირველ სართულზე ლიფტის შახტში და ბენზინით ცეცხლი მოუკიდა.
ეჭვმიტანილი იყო, რადგან ბოლოს მასთან ჰქონდა კონტაქტი ლევანს. არ ვიცით რაზე მოხდა მკვლელობა, მოტივი არ ვიცით. მანამდე სანამ ლევანს ვეძებდით მკვლელი კვალს გვირევდა, ჩვენთან ერთად ეძებდა ლევანს და ამბობდა უცნობ პირთან ერთად გაუჩინარდაო” – ამბობს მოკლულის დეიდაშვილი.
AMBEBI.GE ლევან ჯანგულაშვილის ოჯახის კიდევ ერთ ახლობელს ესაუბრა:
“ლევანი დედასთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ნაქირავებ ბინაში. მას იდეალური ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, მის გარეშე ერთ წუთს ვერ ძლებდა, ისინი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ. 12 იანვარს, ბიჭი რომ არ გამოჩნდა, მისი ძებნა დავიწყეთ. გუშინწინ მივაკვლიეთ ლევანის კვალს – გავედით ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, ყველა ჯგუფში დავწერეთ, რომ ვეძებდით და დახმარება გვჭირდებოდა.
დრონების მობილიზაციაც მოვახდინეთ და ჩვენი ძალებით ვეძებდით. მას ეძებდა პოლიციაც. ბოლოს ერთ ადგილას აღმოვჩნდით ჩვენც და პოლიციაც, 5 წუთით მიგვასწრეს, სიმართლე რომ გითხრათ. ეს გახლავთ მიტოვებული მშენებარე კორპუსი თავისივე უბანში. მკვლელი არის ლევანის მეგობარი, 24/7-ზე ერთად რომ იყვნენ, მას კარგად ვიცნობთ. ლევანის დედას პირველივე დღეს მაგ ბიჭზე ჰქონდა ეჭვი. მოტივი ნამდვილად არ ვიცით, დეტალები ჯერ-ჯერობით ჩვენთვის არაა ცნობილი, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მკვლელი დაკავებულია. მას ლევანისთვის ჯერ ბლაგვი საგანი ურტყია თავში, შემდეგ მე-8 სართულიდან გადმოუგდია, შემდეგ უკან შეუთრევია და დაწვა უცდია. მკვლელის ვინაობას ვერ გეტყვით, გამოძიებას ხელი რომ არ შევუშალო, შესაძლოა კიდევ ვინმე იყოს გარეული მკვლელობაში, არაფერს გამოვრიცხავთ, ისე სასტიკადაა ბიჭი მოკლული. 12 დღე ვეძებდით ცოცხალსაც და მკვდარსაც…
ამ ამბავს ბოლომდე მივყვებით… ლევანი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი იყო, ვინც კი შეიძლება ქვეყანაზე არსებობდეს. ის არავის არაფერს დაუშავებდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. ვიცით, რომ ქალის ამბავი არა ყოფილა, მსგავსი არაფერი. ლევანი არსად მუშაობდა, დედა ინახავდა, რომელიც 24 საათი მუშაობდა იმისთვის, რომ შვილს არაფერი მოჰკლებოდა. ლევანი 26 წლის იყო, მას ერთი და ჰყავს. ლევანი 12-ში ბოლოს დედას ელაპარაკა, უთხრა, სახლში მოვდივარო. არანაირი ვერსია არ გვაქვს.. იმდენად კარგი ადამიანი იყო, ყველას უყვარდა, ვინც იცნობდა, მასზე აუგის მთქმელს ვერავის ნახავთ, ყველასგან განსხვავებული ბიჭი იყო, ამიტომაც ვართ დაზაფრულები და განადგურებულები”.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”
ambebi.ge