პედაგოგებმა, რომლებმაც 2022 წლიდან სისტემა უნდა დატოვონ, დღეს, 12 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ჩხენკელის გადადგომის მოთხოვნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა აუდიენცია არ შედგა.
„პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი“ მიმართავს პრემიერ-მინისტრს, გადააყენოს მიხეილ ჩხენკელი, და შემდეგ, როგორც თამარ სანიკიძეს მოუწია, ისე მოუწევს წასვლა ამ ადამიანს, რომელსაც არ აღმოაჩნდა პედაგოგებთან შეხვედრის უნარი… ჩვენ აქციებს ვმართავთ იმ პედაგოგების დასახმარებლად, რომლებიც საერთოდ სტატუსის და არამხოლოდ სკოლის მიღმა რჩებიან. ეს არის მიუღებელი… პედაგოგები დღეს, აქციაზე ითხოვენ, რომ სტატუსი არ შეუწყდეთ და შუა ზამთარში არ გაყარონ სკოლებიდან. მერამდენე აქციაა უკვე, რაც ვითხოვთ პირველ პირებთან შეხვედრას. ისინი დიალოგზე ვერ მოდიან“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგებმა, მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, გადაწყვიტეს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაეგრძელებინათ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში, საგნის გამოცდაზე გასული 5 340 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა მასწავლებელმა და მოქმედი კანონის თანახმად, სკოლა მათ ადგილას ვაკანსიას გამოაცხადებს. „სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უსტატუსო მასწავლებელს მეორე სემესტრიდან სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა ექნება, კადრების დეფიციტი იქნება. კანონი განმარტავს, რომ მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ დაასაქმოს.
წყარო:https://edu.aris.ge/