სამოქალაქო აქტივისტის მიშიკო მუმლაძის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ინფორმაციას სოცილაურ ქსელში თავად მიშიკო მუმლაძე ავრცელებს და წერს რომ მოწინააღმდეგე მხარის ორი ადვოკატი დღეს გავიდა შვებულებაში:
“სასამართლო უნდა მქონოდა ახლა. გადაიდო
მანდამაინც დღეს გავიდა შვებულებაში მოწინააღდეგე მხარის ორი ადვოკატი
ქართულ ოცნებას ყველაფერი რომ ვაპატიოთ, ამდენ დროს რომ გვაკარგინებს ამას ვერასდროს დავივიწყებ, ჩემი თაობის საუკეთესო წლები ამათთან მარტივი ჭეშმარიტებების მტკიცებაში გავიდა
არადა რამდენი კარგი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
მაინც გავაკეთებთ” – წერს სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე სოციალურ ქსელში.
მიშიკო მუმლაძე პოლიციამ 28 ნოემბრის ღამეს, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავა. დაკავების დროს, მუმლაძე პოლიციელებმა ასფალტზე დააგდეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მის დაკავებას. მიხეილ მუმლაძეს ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს იგი სამტრედიის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში აღმოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტი 48 საათში გაათავისუფლეს, თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა არ დასრულებულა. გამოძიება მიხეილ მუმლაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მორიგი პროცესი დღეს იყო ჩანიშნული.
საქართველოში საპროტესტო ტალღა, რომელიც ყოველდღიურად უფრო მზარდი ხდება, 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.