მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად – ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა დავამკვიდროთ , – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, განაცხადა, რითაც პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის აეროპორტში კვერცხების სროლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გამოძიებამ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გამოავლინოს, რომლებიც ამ და მსგავს ფაქტებში არიან ჩართულნი.
„მიუღებელია კვერცხების სროლაც, სიძულვილის ენის გამოყენებაც და შეურაცხყოფაც. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს დანაშაულის ნიშნები, რეაგირება იყოს და ადამიანებმა, რომლებიც ამაში ჩართულები არიან კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. იმავეს ვიტყვი გიორგი გახარიას შემთხვევაშიც. მიუღებელია განსხვავებული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა, ეს იქნება კვერცხებით თუ სიტყვიერად. ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა დავამკვიდროთ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის და პარტია „გიორგი გახარიას“ თბილისის აეროპორტში მოქალაქეები დახვდნენ, რომლებმაც მათ კვერცხები დაუშინეს. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ დავალებით მოქმედებდნენ.