ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანობა, ბალანსი და ა.შ., მსგავსი მიზანი „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს არ გააჩნია, ეს არის ცარიელი სიტყვები, რომლის უკან იმალება მიზანი იმისა, რომ სელექციური აღსრულებით დაემუქრონ და მოგუდონ მედია , – ამის შესახებ IDFI-ის იურისტმა, გიორგი დავითურმა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტის ძირითადი რისკი არის შერჩევითი აღსრულება და მაუწყებლების მხრიდან შიში, რომ კანონის აღსრულება სელექციურად მოხდება.
„მაუწყებლობის შესახებ” კანონის მთავარი და ძირითად რისკი არის, შერჩევითი აღსრულება, ამას რაც შეიძლება მოჰყვეს, პირველ რიგში, არის მუქარა. მეორე საფრთხე არის ის, რომ ვინმეს შეეშინდეს. მაგალითად „პალიტრას“ შეეშინდეს რაღაცის და ეს არის ის, რომ აღსრულება მოხდება სელექციურად. მაგალითად, „ტვ იმედთან“ დაკავშირებით არ აღსრულდება, მაგრამ „პალიტრასთან“ მიმართებით სანიმუშოდ ეცდებიან ყველაფერზე გამოეკიდონ.
რაც შეეხება შინაარს, სიტყვები ლამაზად ჟღერს: ბალანსი, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, მაგრამ, სიტყვების აღსრულება მოუწევს პარტიას ან პარტიასთან აფილირებულ ინდივიდებსა და ინსტიტუტებს – მსგავსი სელექციური აღსრულებით დაემუქროს ტელევიზიებს.
როგორ უნდა დაიცვათ ბალანსი ზარებს შორის? პირობითად, თქვენ ხომ არ დაიქირავებთ ვინმეს „ქართული ოცნების“ მხარეს და მას ხომ დაარეკვინებთ? ან ტელეეთერში, იცით რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ ბევრ დამოუკიდებელ მედიას, როგორც წესი არ დადიან იმ მედიაში, რომელიც მათ ეფექტურ კონტროლს არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ბალანსი თუ გვინდა და დაბალანსებული სიუჟეტი აკეთოს მედიამ, მას ამის საშუალება უნდა მიეცეს. ამის ცხადი სიგნალი იქნება ის, რომ პოლიტიკური ბოიკოტი შეწყდეს.
ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანობა, ბალანსი და ა.შ მსგავსი მიზანი ამ კანონპროექტს არ გააჩნია, ეს არის ცარიელი სიტყვები, რომლის უკან იმალება მიზანი იმისა, რომ სელექციური აღსრულებით დაემუქრონ და მოგუდონ მედია“,- აღნიშნა იურისტმა.
მისივე თქმით, საბოლოოდ, ობიექტურ ტელევიზიებს მოუწევთ გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება, რაც გაზრდის მათ ბუღალტრულ დატვირთვას.
„თუ ეს კანონი აღსრულდა, პირველ რიგში, ვინც დაიხურება იქნება ისევ პარტიულ კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიები. არ მგონია პროპაგანდაში ვინმე სჯობდეს მათ და მათზე მეტი რესურსი ჰქონდეს ვინმეს. ამიტომ, სავარაუდოდ, ასე არ მოხდება აღსრულება.
საბოლოოდ, ობიექტურ ტელევიზიებს მოუწევთ გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება, რაც გაზრდის მათ ბუღალტრულ დატვირთვას. მაგალითად, ბოლო 2-3 წელი არც გიცდიათ ირაკლი კობახიძესთან დარეკვა, რადგან აზრი არ აქვს, არ მოდის, თქვენ ფორმალურად მოგიწევთ ზარის განხორციელება, რომ დაბალანსებაზე ვინმე არ მოვიდეს და გითხრათ, რატომ არ სცადეთ სხვისი მოწვევა“,- განაცხადა იურისტმა.
მისივე თქმით, „კომუნიკაციების კომისიას, რომელსაც დაევალა კანონის აღსრულება, თვითონვე მოუწევს მომზადება.
„კომუნიკაციების კომისიას დაავალეს ამის აღსრულება. კომუნიკაციების კომისიას არასდროს უმუშავია ამ რეჟიმში. ამ ცვლილებების აღსასრულებლად კომუნიკაციებს კომისას თვითონვე მოუწევს მომზადება. ფაქტობრივად, მათ უწყვეტ რეჟიმში უნდა აკეთონ მედია მონიტორინგი. ეს მოსთხოვეს მას. არაფერს ვამბობ, უსაფუძვლო საჩივრებზე რომელიც შეიძლება შევიდეს. ამის აღსრულებას დასჭირდება მომზადება.
ეს ჩემთვის უფრო მუქარას ჰგავს, ვიდრე ამ ცვლილებებით მედიის მოკვლას აპირებენ. თვით ცენზურისთვის უფრო არის, რომ ჟურნალისტი 3-4 ჯერ დაფიქრდეს რა უნდა თქვას“,- განაცხადა.