საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრმა მშობლებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე მათთან ერთად იმსჯელა. ყურადღება სასკოლო ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმძღვანელოების შინაარსის გაუმჯობესებაზე, პროფესიული განათლების გაძლიერებასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის უზრუნველყოფაზე გაამახვილა.
შეხვედრაში ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი და იმერეთის მხარეში რწმუნებულის მოადგილე გიორგი დალაქიშვილი.
უცნობია რა კრიტერიუმებით შეირჩა შეხვედრის მონაწილე მშობლები და ასევე, ესწრებოდნენ თუ არა შეხვედრას მედიის ან განათლების სისტების გაუმჯობესებით დაინტერესებული სხვა პირები .