“მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება გავაკეთო კამერებთან დაკავშირებით.
ცესკოს მის მიერვე მიღებული დადგენილების საფუძველზე აქვს ვალდებულება ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოგადაღებისას ბიულეტენის პირველი გვერდი ისე დაფიქსირდეს, რომ როდესაც ეს ვიდეოები ცესკოს მიერ განსაზღვრულ პორტალზე აიტვირთება, მკაფიოდ და ნათლად გამოჩნდეს, რომელი პარტია და კანდიდატია შემოხაზული ბიულეტენზე.
ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართეთ ბრიფინგი, რასაც ცესკო ასევე გამოეხმაურა ბრიფინგით, ჩვენს განცხადებას უწოდა დეზინფორმაცია და შემოგვთავაზა გარკვეული ორაზროვანი განმარტება, რომ თითქოს, ისინი დადგენილების განსაზღვრულ ვალდებულებას შეასრულებენ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვენდეთ ამ განცხადებას – დღეს როგორც უკვე აღმოჩნდა, ამის სრული საფუძველი გვქონდა – და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავაგებინეთ სადამკვირვებლო მისიებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენს ყველა პარტნიორს.
დღეს უკვე პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ცესკოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისა არც სურვილი ჰქონდა და საერთოდ არ ჰქონდა ამ ვალდებულების შესრულება გამიზნული.
მე მინდა მოვუწოდო ცესკოს, მოვუწოდო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს – რომ ამ საკითხს მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია, მთელი აი ამ პროცესის სანდოობაზე საზოგადოებას უჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, რაც, ნამდვილად, არ იქნება კარგი მთლიანად ამ პროცესისთვის”,– განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.