საკალათბურთო კლუბი “ოლიმპი” რომელიც 2011 წელს დაარსდა დღემდე საინტერესო გზას გადის. კლუბმა საქართველოს სუპერლიგის მიმდინარე სეზონი წარმატებით დაიწყო, მთავარ მწვრთნელს, დავით როგოვას კი მისსავე შეგირდებთან ერთად დიდი მიზნები აქვს.
ამჯერად “ოლიმპის” ერთ-ერთი ახალგაზრდა და წარმატებული კალათბურთელით , ვოვა თავაქარაშვილით დავინტერესდით, რომელიც თურმე 11 წლის ასაკში კარგი მეკარე იყო, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთს კალათბურთი ამჯობინა :
“6 წლის ვიყავი როცა ფეხბურთზე შევედი, 11 წლის რომ გავხდი საკმაოდ კარგი მეკარე ვიყავი, მაგრამ ერთ დღესაც კალათბურთის ვარჯიშზე მივედი ჩემი პირველი მწვრთნელის დაჟინებით ბატონი დავით რუსიშვილის თხოვნით.კალათბურთს ძალიან იოლად ავუღე ალღო და მომეწონა საკმაოდ ეს სპორტი, პარალელურად ფეხბურთის ვარჯიშებზე მაინც დავდიოდი. რამოდენიმე თვის შემდეგ ერთ- ერთ ტურნირზე მივიღე საუკეთესო მოთამაშის ჯილდო და მას შემდეგ გადავწყვიტე რომ კალათბურთი მინდოდა ყოფილიყო ჩემი სამომავლო სპორტი.
“დინამოში” 6 წელი ვთამაშობდი, თავიდან ასაკობრივით დავიწყე ,მაგრამ როცა 15 წლის გავხდი მომეცა საშუალება სუპერლიგის გუნდთან ერთად მევარჯიშა მხოლოდ, მეორე სეზონში კი უკვე კონტრაქტი და ნდობა მოვიპოვე ხელმძღვანელობის, ვატო ნაცვლიშვილის და ირაკლი ხოშტარიასი. რამოდენიმე თვის შემდეგ ს.კ “დინამო” ზაზა ფაჩულიამ გადაიბირა. ირაკლი ხოშტარია მენდობოდა სეზონის დასაწყიში. სეზონის დასასრულს ზაზა ფაჩულია გამესაუბრა, გამანდო თავისი სამომავლო ფიქრები და აზრები, რის შემდეგაც”დინამოსთან” 3 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.
სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილი მქონდა წავსულიყავი კოლეჯში ამერიკაში სათამაშოდ, სხვადასხვა კარგი კოლეჯის მწვრთნელები მეხმიანებოდნენ და მწერდნენ, ყველაზე დიდი ყურადღება ჩემთვის საკრამენტო სტეიტის კოლეჯმა მიიქცია, ჩვენ zoom call გვქონდა გამაცნეს მათი გეგმები,ამიტომ კოლეჯის მწვრთნელს დავთანხმდი შემოთავაზებაზე, მივიღე 100% დაფინანსება და მომეცა საშუალება გამეგრძელებინა ჩემი პროფესია ამერიკის კოლეჯში და თან მიმეღო განათლებაც. პარალალურად 20 წლამდელთა ნაკრებში ვთამაშობდი. ჩემპიონატი თბილისში ტარდებოდა, ერთ -ერთი საუკეთესო ვიყავი ამ ჩემპიონატზე, სამწუხაროდ ჯგუფიდან ვერ გავედით, . ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “ოლიმპი” აქტიურად ცდილობდა ჩემს გადაბირებას, იცოდნენ ამერიკის შესახებ. სამწუხაროდ რიგი პრობლემების გამო ვერ მოვახერხე წასვლა ამერიკაში, ყველაფერი ღმერთის ნებაა და ამის შემდეგ შევუერთდი ჩემს ამჟამინდელ ოჯახს- “ოლიმპს”, რომელმაც თავი ისე მაგრძნობინა რომ სულ დამავიწყა ცუდი ამბები.
სუპერლიგაში ზედიზედ მე-6 გამარჯვება ვიზეიმეთ რუსთავთან. ვართ ახალგაზრდული გუნდი, ვთამაშობთ ლამაზ, სწორ და სწრაფ კალათბურთს. არ გამჭირვებია გუნდთან შერწყმა, თან ამასთანავე თითქმის შეუცვლელად ვთამაშობ ყველა თამაშს, რაც იმას ნიშნავს რო მე ნდობა მაქვს სამწვრთნელო სტაფის და აუცილებლად უნდა მოვუმატო ყველა თამაშზე.
დეკემბრის თვეში დაგვრჩა 2 თამაში. ახლა დავიწყეთ “კავკასიისთვის” მზადება ,რომელიც კარგ ფორმაშია და კარგადაა დაკომპლექტებული. ჩვენ 2- ჯერ შევხვდით უკვე ერთმანეთს, ჯერ ამხანაგური მოვუგეთ ,ხოლო შემდეგ დუდუ დადიანის თამაშზე დავმარცხდით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს რომელიმე კლუბისთვის. მთავარი სუპერლიგის თამაშებია და ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, დარწმუნებული ვარ საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება “კავკასიასთან”. “კაკტუსი” პირველ ადგილოსანია ამ დროისთვის, ალბათ არავინ ელოდა ამ შედეგს მათგან, მაგრამ შეგახსენებთ ირაკლი ხოშტარია ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ამტკიცებს კიდევაც. მაგრამ მე და ჩემი გუნდელებიც ყველაფერს შევეცდებით რომ ორივე თამაში წარმატებით ჩავამთავროთ, მთავარია ჩვენი მწვრთნელის, დავით როგავას დავალება პირნათლად შევასრულოთ, რომელიც 24 საათი ჩვენს განვითარებაზე და გუნდზე, კალათბურთზე ფიქრობს და ფაქტი სახეზეა, შედეგიც იდება თავისთავად.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, არის ევროპაში თამაშის შესაძლებლობა. მაგრამ მთავარი მიზანი ახლა “ოლიმპთან” ერთად ჩემპიონობაა, ამ ყველაფერზე კი სეზონის დასასრულს ვიფიქრებ და გადავწყვეტ ჩემს მომავალს”,-ვოვა თავაქარაშვილი.
მოამზადა ნანა თევდორაძემ