სინამდვილეში კითხვა არის არა იმის თაობაზე, თუ როდის დაიწყო ან ვინ დაიწყო ომი, არამედ მთავარი კითხვაა, თუ რატომ დაიწყო ომი – ამ კითხვას პასუხი 2022 წელს გაეცა, როდესაც ომი არ დაიწყო! 2022 წელსაც ასე ერთ დღეში შეიძლება დაწყებულიყო ომი საქართველოში! 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებაში არა „ნაციონალური მოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა შალვა პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში განმარტა, რომ 2022 წელსაც უნდოდათ „დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე საქართველოს პაიკად გამოყენება“.
მან ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „მოღალატე“ უწოდა.
„ვიხსენებთ 17 წლის წინ, აგვისტოს თვეში დაღუპულ ჩვენს ჯარისკაცებს და დაღუპულ მოსახლეობას. 400-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, 125 სოფელზე კონტროლი დაკარგა.
ეს დღე ბევრ რამეზე გვაფიქრებს – უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ გმირობაზე გვაფიქრებს, გვაფიქრებს ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც იძულებული იყო, რომ საომარი ტერიტორიიდან გამოსულიყო. გვაფიქრებს იმაზე თუ რაოდენ მყიფეა მშვიდობა. დღესაც ისევ მყიფეა მშვიდობა და შეიძლება სიტუაცია მომენტალურად შეიცვალოს, თუკი ჩვენი საზოგადოება ბრძნულად არ იმოქმედებს.
ამიტომ ეს დღე არის ერთი მხრივ, ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე.
ჩვენ 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის სახით მარიონეტული რეჟიმი გვყავდა. მარიონეტული რეჟიმი სრულად მოქმედებდა იმისთვის, რომ მომსახურებოდა სხვების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ამის შედეგია აგვისტოს ომი, ამის შედეგია შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ერთი მხრივ, ოკუპაციაზე საუბრობდნენ და მეორე მხრივ, მხარს უჭერდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებას. როგორ დაკვეთასაც იღებდნენ, რა ინტერესსაც უნდა მომსახურებოდნენ, ასე იქცეოდნენ. ეს არის სხვაობა მარიონეტულ და პატრიოტულ ხელისუფლებებს შორის.
როდესაც ნებისმიერ მომენტში ომის დაწყების საფრთხე არსებობს, ხელისუფლება ეროვნული ინტერესებით უნდა მოქმედებდეს და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით.
როგორ შეიძლება მოღალატე და მარიონეტი მმართველი რაიმე კავშირში იყოს ქართველ გმირებთან? სააკაშვილი არანაირ კავშირში არ არის არც ამ გმირებთან, არც ჩვენს ქვეყანასთან, არც წარსულთან და არც მომავალთან. მოღალატე იყო და მოღალატედ დარჩება ჩვენს ისტორიაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.