მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
„მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, მე არასდროს მეშინოდა არც გამარჯვებული და არც დამარცხებული ივანიშვილის.
რას მოიმოქმედებს ახლა ივანიშვილი – ეცდება თუ არა გაყალბებას, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ხალხმა არჩევანი გააკეთა და მე ვურჩევდი მას, შეეგუოს, რადგან ხელისუფლებით არ იწყება ცხოვრება, მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და ასევე უნდა მოიქცეს ისიც.
მიეცით ქართველ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება. მშვიდობიანად გადადით და არანაირი პრობლემა არ იქნება. თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, მზად ვართ ბოლომდე დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.










