მარტვილის სოფელ სალხინოს, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერები შეძახილებით, „იუდა” დახვდნენ და მას ხურდები შეაყარეს.
როგორც განკვეთილი ბერები აცხადებენ, დღეს მათი პროტესტი მონასტერში მისულმა ჩოხოსნებმა გამოიწვია, რადგან მათი მტკიცებით, მათ მიერ მორთული ხატები დაარბიეს, ამასთან, აუკრძალეს სანთლებისა და ხატების გაყიდვა.
„პირველ რიგში გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, შეგვეწიოს წაჩხურუს მადლი. შეთანხმებული ვიყავით იმაში, რომ მოსულიყო, ეწირა და წასულიყო. ეს არ ინებეს, ჩვენი გაწყობილი ხატები დაგვირბიეს და გადაგვთელეს. ამის შემდეგ საკადრისი პასუხი გავეცით. სახელი დავარქვით, ე.წ იუდაა და 30 ვერცხლი მიიღო. ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ცხოვრებას და დათმობას არ ვაპირებთ არანაირად, ვიცით, რომ მართლები ვართ. ამათ უნდათ, რომ ქუჩაში დავრჩეთ. ქუჩაში დარჩენილი ბერი ისეთია, როგორც თევზი უწყლოდ. სტეფანე არის რუსოფილი, უნდა, რომ ქართული ენა საქართველოში არ იყოს. დაჰყვება სუს-ი. დარწმუნებული ვარ, პოლიციამ და სუს-მა დაგეგმა დღევანდელი დღის განრიგი. აქ მოსულ მოქალაქეებს, პირადად, ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა მამა დანიელმა, რომელიც მეუფე სტეფანემ ეკლესიიდან განკვეთა.