ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი “ჰელვერის ღამე” გრან-პრის მფლობელი გახდა.
სპექტაკლმა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია, თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრისათვის მიიღო.
სპექტაკლის “ჰელვერის ღამე” რეჟისორია გიორგი თავაძე. მსახიობები – ევა ხუტუნაშვილი და რამაზ იოსელიანი.
სცენოგრაფი ვერა ყიფიანი.
,,ყველაფერი მაშინ გადაწყდა, როცა კარლაში ღმერთი მოკვდა!
დიდი ხნის წინ, ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და იმ იმედით, იქნებ, ასე მაინც შეცვლილიყო რამე, ერთად ცხოვრება დაიწყეს. თუმცა, გადაწყვეტილება მხოლოდ ერთმა მიიღო. საერთოდაც, ყველა გადაწყვეტილებას ერთი იღებდა- იქნებოდა ეს ყველიანი ღვეზელის გამოცხობა, თუ სამკურნალო აბებით ზედოზირება. გარეთ განსხვავებულებს დასდევდნენ და დაუნდობლად ყრიდნენ სატვირთო მანქანაზე. ჰელვერიც განსხვავებული იყო. და რადგან ხსნა არსად ჩანდა, კარლამ ღმერთის მისია საკუთარ თავზე აიღო და გადაწყვიტა!” – ასეთია სპექტაკლის ანოტაცია.
“გიორგი თავაძე გვიჩვენებს ორ პარალელურ სამყაროს, სახლს, რომელშიც კარლა (ევა ხუტუნაშვილი) და ჰელვერი (რამაზ იოსელიანი) და ქუჩას, სადაც მუდმივად ომი და ადამიანების დევნაა. კარლას სახლში ქუჩიდან პერმანენტულად ისმის სროლის, მსხვრევის და განწირული ყვირილის ხმები. ამ ორ სამყაროს თითქოს არაფერი განასხვავებს, ორივეგან ადამიანებს ხოცავენ. რეჟისორი ფოკუსირებს არა გარემოზე, არამედ გარემოში მოქცეულ ადამიანებზე, როგორც ახდენს მათ მორალურ და სულიერ გაცამტვერებას გარემო ფაქტორები. კარლასა და ჰელვერს უცნაური, უფრო სწორად ტოქსიკური ურთიერთობა აქვთ, მათ ერთნაირად უყვართ და სძულთ ერთმანეთი. სპექტაკლიც სწორედ მათ ურთიერთობებზეა აგებული, რომლითაც იხატება არა მხოლოდ პერსონაჟების პორტრეტები, არამედ ეპოქისა და ზოგადად სამყაროს.” – წერს ლაშა ჩხარტიშვილი სპექტაკლზე.