ეს მშვენიერი და მედიდური ირემი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდანაა
ფოტოს გადაღების პროცესი საინტერესოდ აღწერა ავტორმა ნიკა მელიქიშვილმა:
„კავკასიური კეთილშობილი ირემი, ამაყი გენით – Cervus elaphus maral.
ფოტო გადაღებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, რამდენიმე დღის წინ.
ისე მიყურებს თითქოს რამე კაი საქმე გაუფუჭდა ჩემ გამო, პრინციპში, ეგრეც იყო. ერთ-ერთ ხეობას ჩავუყევი და მდელოზე რომ აღმოვჩნდი, რომელსაც ყველა მხრიდან ტყე ერტყა, კვალიც ბლომად იყო და ცოტა ირმის სუნიც ტრიალებდა, ვიფიქრე ჩამოვჯდები, იქნება გამოყოს დინგი მეთქი.
ორი წუთიც არ იქნებოდა გასული, ეს ვაჟბატონი და მისი ქალი(ფურირემი) მომადგნენ უკნიდან, ჩლიქების ხმა გავიგე და სანამ თავს ნელა მივატრიალებდი, ფური მსწრაფლ მიიმალა. ეს კიდევ შეჯვარების წყურვილით დარეტიანებული იყურებოდა ჩემკენ, ფიქრობდა რამ დააფრთხო ეს ქალიო, მაგრამ ვერ მხედავდა.
მე კამერა, რა თქმა უნდა, ჩანთაში მედო და სანამ უხმოდ გახსნას ვცდილობდი, ესეც შევიდა ტყეში, მაგრამ მდელოს არ მოშორებია. მესმოდა ტოტების ლეწვის ხმა, როგორ მიაბიჯებდა მდელოს გასწვრივ და ცოტა ხანში ზუსტად ჩემს წინ გამოყო თავი ტყიდან, ამ დროს კამერა უკვე მზად მქონდა და გადავიღე ერთი ფოტო, კამერის ხმაზე შემომხედა და სწორედ ამ დროს მოვასწარი ამ კადრის დაჭერა. თვალში ფოკუსი რომ გააასწორა და მიხვდა, ადამიანი ვიყავი, მაშინათვე ტყეში შევარდა.
მე კიდევ სამახსოვროდ ეს გაოცებული პორტრეტი დამიტოვა.”- წერს ფოტოგრაფი