სოფელ ბალდაში, სადაც ულამაზესი კანიონი და ჩანჩქერი მდებარეობს ტურისტული ატრაქციის მოწყობა იგეგმება. როგორც ადგილობრივები ამბობენ კანიონზე საბანაოდ ჩასვლა ფასიანი გახდება, რაც მათთვის მიუღებელია. პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში მათე მაყაშვილი წერს და დახმარებას ითხოვს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო!
თქვენი დახმარება გვჭირდება. ყველას აზრი მაინტერესებს. გთხოვთ წაიკითხეთ!
მარტვილის რაიონ, სოფელ ბალდაში, მდინარე აბაშაზე, არის არაჩვეულებრივი კანიონი, ადგილობრივები სათავეს ვეძახით, იქ დავდივართ, ვბანაობთ, ვხტუნაობთ, ვერთობით, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში, ულამაზესი ველური ბუნება და კამკამა წყალი.
ბევრი თქვენგან ნამყოფიც იქნება.
ცოტა ხნის წინ სათავის ტერიტორიაზე დაიწყო რაღაც მშენებლობები.
როგორც შევიტყვეთ, ტერიტორია 35 წლით იჯარით გადაეცა რაღაც შპს-ს.
კანიონი ეკუთვნოდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მანვე 35 წლით იჯარით გასცა.
სანაცვლოდ შპს-მ უნდა განახორციელოს 2,5 მილიონიანი ინვესტიცია და ფული შეიტანოს ბიუჯეტში.
როგორც გავიგე, კომპანია კანიონის ტერიტორიაზე აკეთებს როლერ კოსტერს, კანიონზე ჩასასვლელ ბილიკს და საბანაოს.
მდინარეზე ჩასვლა და ბანაობა იქნება ფასიანი. როგორც მითხრეს, მხოლოდ იქვე მაცხოვრებლებს შეეძლებათ უფასოდ ბანაობა, (საუბარია უშუალოდ კანიონის გარშემო მაცხოვრებელზე, ალბათ 3-4 ოჯახი) თუმცა ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, ჯერ პროექტი არ მინახავს, არც მხარეთა შორის დადებული შეთანხმების დეტალები ვიცით, მხოლოდ სიტყვიერად მოპოვებული ინფორმაციაა ჩვენს ხელთ.
მშენებლობის საინფორმაციო დაფაზეც არასწორი ინფორმაციაა გამოტანილი.
დამკვეთი წერია „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის ფონდი“ აღნიშნულმა კომპანიამ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მათ მშენებლობასთან არანაირი კავშირი არა აქვთ.
შემსრულებელი კომპანია კი საერთოდ არ წერია, მაგრამ ადგილობრივებისგან ვიცით, რომ მათი რაღაც ნაწილი არიან რუსულენოვანი ადამიანები, თუმცა შეიძლება თავისი საქმის უბადლო პროფესიონალები. ახლა არ მინდა დისკუსია ეთნიკურობაზე წავიდეს. აქ საქმე სხვა რამეშია და ეს არ უნდა გაგვექცეს.
დაცული ტერიტორიები ამბობს, რომ ეს კარგია სოფლისთვის, რადგან შემოვა ტურისტი, იქნება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ხალხი და ა.შ.
მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მდინარის კალაპოტის რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი, ბალდის კანიონიდან – კაღუს ჩანჩქერამდე, 35 წლით გადადის კერძო კომპანიის მფლობელობაში, რომელიც რას იზამს ამ 35 წლის მანძილზე წარმოდგენა არა გვაქვს.
თეორიულად ცხადია დასაშვებია, რომ კომპანიამ შეიძლება ძალიან კარგი რამეები გააკეთოს მაგრამ როგორ ფიქრობთ, რამდენად ეთიკური და სამართლიანია ასეთი გარიგება?
აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება, ასე უხეშად ადგილობრივებთან შეთანხმების გარეშე განკარგოს ტერიტორია?
რამდენად კონსტიტუციურია ასეთი გადაწყვეტილება?
ან ეკოლოგიურად რა გავლენას მოახდენს ფაქტობრივად ხელუხლებელ სუბტროპიკულ ტყეში როლერ-კოსტერის დაყენება?
ეკონომიკურად ექნება კი იმდენი სარგებელი, რომ ამად ღირდეს?
და საერთოდ რა არის სახელმწიფოს პრიორიტეტები?
მაინტერესებს ყველას აზრი, მემარჯვენეების, მემარცხენეების, ლიბერალების, კონსერვატორების, მორწმუნეების, ათეისტების, ფილოსოფოსების, ეკოლოგების, სოციოლოგების…
როგორ უნდა გადაწყდეს ასეთი საქმე?
მგონია, რომ სახელმწიფოს ფუნდამენტურ საკითხებზეა მსჯელობა საჭირო, მოსულა თუ არ მოსულა ასეთი რამე, როგორი სისტემა გვინდა რომ გვქონდეს?
ყველას გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა, ერთად ვიმსჯელოთ რათა ვიპოვოთ ოპტიმალური გადაწყვეტა.
ცხადია არავის არ ვერჩი, არცერთ კონკრეტულ პერსონას, ყველას პატივისცემა და კეთილი სურვილები.
უბრალოდ სისტემურ ხარვეზს ვამჩნევ. ჩემი აზრით უსამართლოა რაც ახლა ხდება, მაგრამ რა არის სამართლიანი ეს ზუსტად არ ვიცი, სწორედ ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება, ვიმსჯელოთ და ერთად მოვიფიქროთ ისეთი სისტემა, რაც მეტ-ნაკლებად სამართლიანი იქნება ყველასთვის და სწორად იქნება პრიორიტეტები გათვალისწინებული.
გთხოვთ, თქვენც თავი შეიკავოთ შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან, არავინაა აქ დამნაშავე, ცუდი და ბოროტი, უნდა დაფიქსირდეს ამ ქვეყანაში ჯანსაღი დისკუსიის და საკითხების რაციონალურად, ურთიერთპატივისცემით პრობლემების გადაწყვეტის წარმატებული მაგალითები, დროა გავიზარდოთ.
ეს ქვეყანა ყველას გვეკუთვნის და საბოლოო ჯამში ერთი მიზანი გვაქვს, რომ ვიყოთ ბედნიერები და რეალიზებულები.
აი მოგვიტანს კი ასეთი პოლიტიკა ბედნიერებას? აი ამაზე უნდა ვისაუბროთ ჯანსაღი არგუმენტებით.
ძალიან დიდი მადლობა
გთხოვთ არ დაიზაროთ და დაგვეხმარეთ სწორი გადაწყვეტილების მოფიქრებაში.
თქვენი იმედი მაქვს მეც და იქაურებსაც.” – წერს მათე მაყაშვილი სოციალურ ქსელში.