მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მდინარე სტორში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი სამაშველო საძიებო ოპერაცია დასრულებულია.
მაშველებმა შეძლეს ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამის უვნებლად ამოყვანა ხეობიდან. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. ექვსი გარდაცვლილის ცხედრის წყლიდან ამოყვანა პირველსავე დღეებში მოხერხდა. შემდეგ ეტაპზე, სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოიტანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ღამის განმავლობაში მდინარე სტორის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა. პარალელურად სამაშველო ჯგუფები აწარმოებდნენ კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერებას.
ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.