ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით “ლელო – ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, იქ, სადაც პოლიტიკა ემთხვევა საკუთარ წარსულს და საზოგადოებას ვერ სთავაზობს ახალ და სამართლიან ხედვას, მარცხიც გარდაუვალია არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში.
“გასაგებია, რომ ღირებულებებზე საუბარი ყველას არ უჭრის მარტივად, მით უმეტეს მაშინ, როცა გადაწყვეტილებები ლირიკით კი არა, პრინციპებით და პასუხისმგებლობით უნდა იზომებოდეს. თუმცა როცა თვითონვე არღვევთ საკუთარ სიტყვას და პრინციპს, გაუჭირდება საზოგადოებას თქვენი ნდობა, მით უფრო, როცა წარსულის პოლიტიკური განცხადებებით საკუთარი პოზიციის დელეგიტიმაციას ახდენთ.
დღეს ქუთაისში კვლავ იგრძნობა მოლოდინი მორიგი პოლიტიკოსის, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდება ხალხზე ზრუნვის რიტორიკით, მაგრამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ რიტორიკა აღარ კმარა. დემოკრატია მხოლოდ მაშინ იძენს ძალას, როცა პრინციპებთან თანხვედრა სიტყვით კი არა, საქმით მტკიცდება.
სამწუხაროდ, სწორედ ამ საკვანძო წერტილში ხდება თანმიმდევრულობის დაკარგვა და იქ, სადაც პოლიტიკა ემთხვევა საკუთარ წარსულს და საზოგადოებას ვერ სთავაზობს ახალ და სამართლიან ხედვას, მარცხიც გარდაუვალია არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში”, – წერს შენგელია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კოალიცია “ძლიერი საქართველო” 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.