
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის გარდაცვალების გამო
63 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული სასულიერო პირი, 7 შვილის მამა, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.
ამქვეყნად შედარებით ხანმოკლე მყოფობის მიუხედავად, მან ძალიან ბევრი საქმის გაკეთება მოასწრო და ღრმა კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში. იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყო ღვთისმსახური, მაგრამ, ამავე დროს, სამშობლოს ღირსეული მსახურიც. რაც, განსაკუთრებით, მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნვაში გამოიხატა.
სპეციალობით პედიატრი, ბავშვების სულიერ მკურნალადაც იქცა, -ფასდაუდებელია მისი შრომა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნების საქმეში (როგორც თანამდეროვე, ისე ძველქართული ანბანების გამოყენებით) და აღზრდის თემასთან დაკავშირებულ არაერთ სხვა საქმიანობაში.
თბილისში თუ პეტერბურგში, ვისთანაც კი მამა კონსტანტინეს შეხება ჰქონია, ყველა გლოვობს პატიოსან, პატრიოტ, გონიერ და მზრუნველ სულიერ მამასთან განშორებას; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.
აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ კონსტანტინეს უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი. ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრევლსა და გულშემატკივართ მომადლოს შინაგანი სიმტკიცე და მისთვის ლოცვის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

28.02.2026