კახეთში, ბებიის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ბრალდებულს, კიდევ ერთ უმძიმეს მუხლს, თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ჩვენებაში, რომელიც 77 წლის ქალმა გამოძიებას მისცა, ნათქვამია, რომ 26 წლის შვილიშვილი მას ღამით სახლში კეტავდა და კარს დილით უღებდა.
ქალი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი მას სახლიდან არ უშვებდა და “როცა თვრებოდა, აწუხებდა”.
ბებო, მიყვარხარო და მომდევდა, მე ვერიდებოდი, იმიტომ რომ მეშინოდა, აგრესიული იყო. პოლიციას ვუთხარი, რომ მაწუხებდა და სხვა არაფერი… ხელს წამავლებდა ხოლმე. გარეთ მინდოდა გამოსვლა, თუმცა არ მიშვებდა. როცა დალევდა მაწუხებდა”- აცხადებს დაზარალებული.
მომხდარ ფაქტზე, უკვე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც ბებიის მიმართ, მამაკაცის მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის სახე უნდა დაადგინოს, ან ბრალის გაუპატიურებად გადაკვალიფიცირება გამოიწვიოს.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და შემდეგ, ძარცვისთვის არის ნასამართლევი.
ბებიის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
შემზარავი დანაშაულის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა – თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის ბიჭი ბებიაზე სისტემატიურად ძალადობდა. ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოძალადის მამა შეესწრო 77 წლის დედის გაუპატიურებას და პოლიციას აცნობა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.