პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“ – წერს პროკურატურა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ , „თ“, „კ“ და „მ“ (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.