ქუთაისს ლიეტუვის ნაციონალური კულტურის ცენტრის დირექტორი და რეგიონალური კულტურის ცენტრების ხელმძღვანელები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ფოლკლორის ცენტრს ეწვივნენ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს მოუსმინეს. სტუმრებმა ემოციები ვერ დამალეს. შეხვედრას ცრემლებისა და ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ქართულ- ხალხურ სიმღერებთან ერთად ლიეტუვის ჰიმნი შეასრულა. თავად სტუმრებმა კი ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“ იმღერეს.
დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში საგამოფენო დარბაზ „ვარლაში“ წარმოდგენილი ექსპონატებიც დაათვალიერეს, ესტუმრნენ ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმსაც. უცხოელი სტუმრებისთვის მუსიკალური ნომრები ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდმაც შეასრულა.
დელეგაციის წევრებს ქუთაისის მერიამ და ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ უმაპსინძლეს.
ლიეტუვის რეგიონალური კულტურის ცენტრების დირექტორთაგან შემდგარი მომღერალთა გუნდის ასეთი მასშტაბური სტუმრობა საქართველოში პირველად განხორციელდა. ისინი ჩვენს ქვეყანაში ა/ო ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნების ასოციაციის“ მოწვევით იმყოფებიან.
ლიეტუვის ნაციონალური კულტურის ცენტრის დირექტორისა და რეგიონალური კულტურის ცენტრების ხელმძღვანელების ვიზიტი დ. კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში დასრულდა, სადაც მათ ქართველი მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერეს და ქუთაისელ მხატვრებს შეხვდნენ. მათი ვიზიტის მიზანია გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების კულტურას, რათა შემდგომ გაცვლითი კულტურული პროექტების განხორციელება იყოს შესაძლებელი.