საკარანტინე პირობებში ქუთაისის ცენტრალური ბაზარი მუშაობას განაგრძობს, მართალია მომხმარებელმა იკლო, მაგრამ იუმორის გრძნობა აქ ნამდვილად არ დაუკარგავთ.
როგორც ყველგან, ქუთაისის მწვანე ბაზარში მთავარ სასაუბრო თემად კორონავირუსი რჩება და აქ ასეთ ფრაზებსაც გაიგონებთ:
სტალი მაგარი კაცი იყო, მაგი რო ყოფილიყო კორონა არ იქნებოდა – სტალინზე შეყვარებული მამაკაცი, რომლის დახლსაც სტალის ფოტო ამშვენებს.
კორონა დაგემართა და ჯანდაბა შენ! – გაცხარებული ქალი მიმართავს მასზე გაბრაზებულ მამაკაცს.
სადაა აბა – დარჩი სახლში და ჩვენ მოგიტანთ ყველაფერსო?! – შესჩივლა ერთმა გამყიდველმა მეორეს.
სადაც მაფიაა იქანა კორონა, სადაც ქურდული ცხოვრებაა იქანა არაა კორონა – ეს მამაკაცია შავი პირბადით, რომელიც მომხმარებელს ქართულ ტკბილეულს სთავაზობს.
აბა! კორონას წამალი მაქვს! – ქალი ბაზარში გამვლელებს ჭაჭის საყიდლად უხმობს.
საქართველოში კორონავირუსის გამო უკვე მეორე დღეა კარანტია გამოცხადებული და კომენდანტის საათი მოქმედებს.










