ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის გამართვამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან დაკავშირებას და ქვეყანაში არსებული სიტუაციის განხილვას აპირებდა.
„ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის სცენარი არსებობს. გვჭირდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირება ისე, რომ მასთან დიალოგი შევძლო. ვინაიდან საფრთხე არა მხოლოდ ბელარუსს ემუქრება,“- განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელარუსის დაცვა „სამოკავშირეო სახელმწიფოს” დაცვას ნიშნავს.
შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება.