შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შევიდა.
მათივე ცნობით, შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.
„არსებობდა ცეცხლის სხვა არეალზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი. სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა. სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს. მუშაობენ ყველა შესაძლო ხანძრის გამომწვევ სხვა ვერსიაზე. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დანიშნულია ექსპერტიზა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.










