ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“დაღუპული ოპერატორის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ვერანაირად ვერ შეცვლის ფაქტს, რომ 5 ივლისს სახელმწიფომ და ეკლესიამ ამ ბიჭზე იძალადა. ცოცხალიც რომ დარჩენილიყო ვერავინ წაშლის მის ჩამსხვრეულ თვალბუდეს, ვერავინ უარყოფს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. ლექსოს გარდაცვალება მხოლოდ ამძაფრებს ამ ტრაგედიას.
ამ ისტორიაში ორი ამბავია მთავარი; ის რომ ლექსო ცოცხალი აღარ არის და ის რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც არავის სიცოცხლის უფლება არაა დაცული. მათ შორის იმ მონებისაც ვინც დღეს ჩვენზე ძალადობენ, ბატონის სურვილის შესაბამისად. მათაც გარანტირებული აქვთ პოლონიუმის ჩაი თუ ბატონის ნებას გადაუხვევენ.
P.S. ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და საიდანღაც მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკური ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია. სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანისთვისაც ადვილად მისახვედრი აბსურდია. დეტალებში ამ თემის განხილვა რომ არც ღირს, ისეთი აბსურდული ვერსიაა სამედიცინო კუთხით.
და კიდევ… ნარკოდამოკიდებული რომც ყოფილიყო, ეს ძალადობას ვერ გაამართლებს. ნარკოდამოკიდებულებს, დიაბეტიანებს, ინფარქტიანებს, ჯანმრთელებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს, ყველას თანაბრად აქვს სიცოცხლის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია ეს უფლება ყველასთვის თანაბრად უზრუნველყოს. ეკლესიას კი შეუძლია სულიერი სიმშვიდის პოვნაში დაეხმაროს იქ მისულ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ნარკო ან სხვა ტიპის დამოკიდებულების პრობლემა აქვს, თუ ასეთი ადამიანი მას მიაკითხავს საშველად”, – წერს ნანა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, “ტვ პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.